ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით:

ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
ადმინისტრაციული საჩივარი - დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;
- სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება: დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
- ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი: ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.
- წარმომადგენლობის უფლება: ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი.
- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორით (ან წარდგენილი უნდა იყოს სსიპ აღსრულებისე ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ფორმაში).
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა: ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
- ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო: თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
- ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა: ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე. უარი ადმინისტრაციულ საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით. ზეპირი მოსმენის დროს დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ადმინისტრაციულ საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც.
- ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა: ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
- დაინტერესებულ მხარეთა მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა: თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარე საკუთარ მოსაზრებას, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტებს წარადგენს ზეპირი სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები: არ შეიძლება დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან რამე გადასახადი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის. ყოველი მხარე თვითონ აანაზღაურებს მის მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაწეული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯებს.
- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე: ადმინსტრაციული ორგანო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საჩივარი ზეპირი მოსმენის გაუმართავად, თუ: ა) არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი; ბ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარე თანახმაა საქმის განხილვაზე ზეპირი მოსმენის გაუმართავად. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითოს ზეპირი მოსმენის გამართვაზე უარის თქმის საფუძველი.
- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წერილობით აცნობოს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეს ზეპირი სხდომის გამართვის თარიღი მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც.
- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა: თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.
- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა: ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.