ყადაღადადებული ქონების იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ, საჭიროა მოხდეს მისი შეფასება საბაზრო ღირებულებით.
საბაზრო ღირებულება ეს არის ფასი, რომლითაც შეფასების ობიექტი შეიძლება გასხვისდეს ღია ბაზარზე კონკურენციის პირობებში, როდესაც გარიგების მხარეები მოქმედებენ გონივრულად და ფლობენ ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო ღირებულების სიდიდეზე არ აისახება არავითარი განსაკუთრებული მოვლენები.
ყადაღადადებული ქონების შეფასების მიზნით აღმასრულებელი მიმართავს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს _ შეფასების სამსახურს. თუ შესაძლებელია ქონების ღირებულების დადგენა, აღმასრულებელს თავადაც შეუძლია ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მიუთითოს ამ ქონების ღირებულება. შეფასების მიზნით აღმასრულებელი უფლებამოსილია მოიწვიოს ასევე ექსპერტი ან აუდიტი.
შეფასება შეიძლება განხორციელდეს ქონების აღწერის დროს, ასეთ შემთხვევაში თითოეული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასი უნდა მიეთითოს ქონების აღწერის აქტში.