აღსრულების ახალი კოდექსის პროექტის სამუშაო განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე აღსრულების სფეროში ახალი, ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც აღსრულების უფრო მეტად მოქნილ და ეფექტიან სისტემას შექმნის.
კოდექსის პროექტის ავტორების შეფასებით, კოდექსი დაფუძნებულია სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე.
აღსრულების ახალი კოდექსით ქვეყანაში მთლიანად იცვლება სააღსრულებო სისტემა. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა და სააღსრულებო წარმოებას კერძო აღმასრულებლები განახორციელებენ. კოდექსის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ერთი მოსმენით უკვე მიღებული აქვს.
სამუშაო შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი მაგდა ყვირალაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნათია ბიძინაშვილი და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.