აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი ციფრული მმართველობის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან განიხილეს
იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ახალი სერვისის მიზანი ფულადი მოთხოვნისა და უძრავ ნივთებზე მფლობელობის აღდგენის მოქნილი, სწრაფი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნაა, რაც მოქალაქეებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
პროექტის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, მირიან ხარაბაძემ წარადგინეს.