იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი - ,,მედიაცია სააღსრულებო წარმოების პროცესში" - წარმატებით დასრულდა. მიღწეული შედეგები პროექტის ავტორებმა და მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან - თორნიკე ჭეიშვილთან და ერეკლე ღვინიანიძესთან ერთად შეაჯამეს.
პროგრამის ფარგლებში: მომზადდა სააღსრულებო წარმოების პროცესში მედიაციის სახელმძღვანელო პრინციპები და პროცედურული წესები, ჩამოყალიბდა მედიაციის წარმართვის ერთგვაროვანი პროცედურული მოდელი;
60-საათიანი ტრენინგი გაიარეს და კვალიფიკაცია აიმაღლეს მედიაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღმასრულებლებმა და აღსრულების პოლიციელებმა, რაც მედიატორებს საშუალებას მისცემს, პროცესი მედიატორთა ეროვნული კომპეტენციის შესაბამისად წარმართონ.
ცნობიერების ამაღლებისა და სააღსრულებო წარმოების ეტაპზე მედიაციის მექანიზმების გამოყენების გაზრდის მიზნით, მომზადდა ვიდეორგოლი მედიაციის შესახებ.
მედიაციის მექანიზმის სრულყოფა ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით შესრულებას, პროცესი წარიმართება მხარეთა საუკეთესო ინტერესების დაცვით, განვითარდება სახელმწიფოს მხარდაჭერა ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის მიზანია სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. გასულ წელს უწყებამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.