აღმასრულებლებს საერთაშორისო პროფესიული დღე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.
აღმასრულებელთა დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ტერიტორიულმა სააღსრულებო ბიუროებმა და მხარდამჭერმა სამსახურებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნეს.
სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული შედეგების, ახალი იდეებისა და ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 24 აღმასრულებელს მადლობა გამოეცხადა.
აღმასრულებელთა საქმიანობაში იზრდება საქმეთა ინდივიდუალური მიდგომის, მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელი. ვითარდება ციფრული სერვისები და ელექტრონული წარმოება, რაც უზრუნველყოფს პროცესების მეტ ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას და კონფიდენციალურობას.
იხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზე აღმასრულებლები სააღსრულებო მოქმედებებს მეტად ეფექტიანად და დროულად ახორციელებენ.
აღმასრულებლები მუდმივად არიან ჩართული აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) აქტივობებში. ორგანიზაციის ინიციატივით იმართება საერთაშორისო კონფერენციები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობა ხელს უწყობს აღმასრულებლის კვალიფიკაციის ამაღლებას და სამუშაო პროცესის სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის გააზრებით წარმართვას.
პროფესიული დღე აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრთა ინიციატივით, 2008 წლიდან აღინიშნება. აღსრულების ეროვნული ბიურო 2012 წლიდან აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრია და უერთდება პროფესიული დღის აღნიშვნას.
აღსრულების ეროვნული ბიურო საქმეთა აღსრულებას 8 ტერიტორიული ბიუროს მეშვეობით ახორციელებს. ჯამში, სააღსრულებო წარმოებას, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე სახელმწიფო და 40-მდე კერძო აღმასრულებელი ახორციელებს.