იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,მედიაცია სააღსრულებო წარმოების პროცესში" - შუალედური შედეგების პრეზენტაცია სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს წარუდგინეს.
სააღსრულებო მედიაციის მიზანი მხარეების სამართლიანი ინტერესების დაცვა, მათ შორის მოლაპარაკების პროცესის წარმართვა და, იძულების ნაცვლად, ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების ხელშეწყობაა. მედიაციის კომპონენტის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საქმეებში, რომლებიც არასრულწლოვანთა ინტერესს ეხება. ამ ტიპის დავებით ზარალდება ბავშვის ინტერესები. ამიტომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ალიმენტის საქმეების მორიგებით დასრულების ხელშეწყობაა.
საგრანტო პროექტი სამუშაო ჯგუფის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელიც შეიმუშავებს სააღსრულებო მედიაციის სერვისის განვითარების კონცეფციას, ჩამოაყალიბებს მის პროცედურულ მოდელს და დაგეგმავს ტრენინგპროგრამას მედიაციის პროცესში ჩართული პროფესიონალებისათვის.
პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ესწრებოდნენ.
იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.