აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ტრენინგი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს.
მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; ელექტრონულ აუქციონს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულების წესსა და აღსრულების პროცესში მედიაციის ჩართულობის შესახებ; მხარეთა ინტერესების დაცვისა და ბალანსის შენარჩუნების მიზნით სოციალური მუშაკების ჩართულობის, მათი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, ნინო ქანთარია უძღვებოდა.