აღსრულების ეროვნული ბიურო პრევენციული კომუნიკაციის ფარგლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების პრევენციის შესახებ შეხვედრებს აგრძელებს.
ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნახიდურისა და ფარიზის საჯარო სკოლების ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან გამართეს.
მოზარდებმა და მასწავლებლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ; თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ; არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია, რათა ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. მოზარდებმა აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ, მოსწავლეები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.
ბოლნისის სოფლების მოსწავლეებთან ტრენინგებს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი ხათუნა გაზდელიანი და უფროსი აღმასრულებელი დავით დავითულიანი უძღვებოდნენ.