საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მედიაციის განმტკიცების მიზნით, სამუშაო შეხვედრები დაიწყო.
სამუშაო ჯგუფი სააღსრულებო წარმოების პროცესში მედიაციის მექანიზმის სისტემური ფუნქციონირებისა და მედიაციის წარმართვის ერთგვაროვან პროცედურულ მოდელს ჩამოაყალიბებს.
პროექტის მიზანია აღსრულების ეროვნულ ბიუროში მედიაციის მომსახურების გაუმჯობესება, ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლება, მედიაციის მექანიზმის გამოყენების გაფართოება, მედიატორთა უნარ-ჩვევების ამაღლება და მათი კომპეტენციების დაახლოება მედიატორის ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან.
მედიაციის მექანიზმისა და მომსახურების სრულყოფა მიზნად ისახავს ვალდებულებათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობას, ვალდებულებათა განუხორციელებლობის რისკების შემცირებას, მედიაციის მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებას, სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებასა და სამართლებრივ სტაბილურობას. შედეგად, გაიზრდება როგორც მედიაციის მექანიზმის მიმართ ნდობა და მომართვიანობა, ასევე ვალდებულებათა ნებაყოფლობითი შესრულების მაჩვენებელი, მათ შორის არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი განხორციელებით. გაძლიერდება სოციალური ურთიერთობების ნორმალიზება და სოციალურ-სამართლებრივი სტაბილურობა.
საგრანტო პროექტი „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების" ფარგლებში ხორციელდება.