აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტმა ბიუროს თავმჯდომარეს 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
დეპარტამენტის მიერ 2023 წელს დაგეგმილია სოციალური მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერება. მათ შორის, კვალიფიკაციის ამაღლება, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქმიანობის პოპულარიზაცია. დაგეგმილი აქტივობების შედეგად, ხელი შეეწყობა გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას, დაინერგება პრევენციული ღონისძიებები, გაძლიერდება თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან და განვითარდება სახელმწიფოს მხარდაჭრა სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირების გაძლიერებისთვის.
მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობით 2022 წლის განმავლობაში 10 ათასზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის საქმე ნებაყოფლობითა და მხარეთა მორიგებით დასრულდა. მხარეთა შორის მედიაცის წინ უძღოდა წლის განმავლობაში მხარეებთან 4 ათასამდე შეხვედრა, მოვალეების სოციალური მდგომარეობის შეფასება, მისამართებზე ვიზიტი, რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება.
სამუშაოს ფარგლებში მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები აქტიური კომუნიკაციას ეწევიან სააღსრულებო წარმოების მხარეებთან. მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით მიმართავენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მოვალე მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისი, რომლის მიღებაც მოვალე ოჯახებს შეუძლიათ. მიმდინარეობს მხარეების ინფორმირება მათი ცნობიერების ამაღლებისა და მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების პრევენციის მიზნით .
მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი განსაკუთრებული აქტიურობითაა ჩართული გამოსახლების, დემონტაჟისა და ალიმენტის კატეგორიის საქმეებში. ხდება მხარეების სოციალური მდგომარეობის შეფასება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით მოსალოდნელი რისკების პრევენცია