აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობისა და სერვისების მაქსიმალურ გაციფრულებას განაგრძობს.
შეიქმნა გამარტივებული საქმისწარმოების პორტალი, სადაც მოქალაქეს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად დაარეგისტრიროს აპლიკაცია. ასევე, ელექტრონულად ადევნოს თვალყური საქმისწარმოების მიმდინარეობას;
დასრულდა ცენტრალიზებულ არქივში მონაცემების გაციფრულება, რითაც მატერიალურად არქივირებული დოკუმენტაციის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა.
გაიზარდა სააღსრულებო ფურცლის გამომცემი იმ ადმინისტრაციული უწყებების რაოდენობა, რომლებიც სააღსრულებო ფურცლის გადმოგზავნას ელექტრონულად შეძლებენ.
გრძელდება მუშაობა სააღსრულებო საქმისწარმოების პროგრამის სრულად გაციფრულებისთვის. პროგრამა თავად შეძლებს რიგი ტექნიკური დავალებების შესრულებას, რაც დაზოგავს აღმასრულებლის დროის რესურსს.
2022 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება ბათუმში გაიმართა და მას 30-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი დელაგატი ესწრებოდა. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე აღსრულების პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებზე ისმჯელეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო განაგრძობს იძულებით სააღსრულებო პროცესში სოციალური მიდგომების გაძლიერებასა და მხარეთა მედიაციას დავების მორიგებით დასრულების მიზნით.
2022 განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში მორიგებით დასრულდა 10 747 საქმე. ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის კატეგორიაში მორიგებით დასრულდა 677 საქმე; შეწყდა 358 აუქციონი და შესაბამისად, არ მოხდა ქონების რეალიზაცია; დარეგულირდა ალიმენტის კატეგორიის 3 350 საქმე.
მოთხოვნა კვლავ მზარდია გამარტივებულ საქმისწარმოებაზე. 2022 წელს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 23 005 საქმე. მათ შორის მორიგება და ნებაყოფლობითი გადახდა განხორციელდა 6 560 შემთხვევაში.
კიდევ უფრო განვითარდა და გაიზარდა მოქალაქეთა კონსულტაცია. მინიმუმამდე შემცირდა მოლოდინის რეჟიმი.
იზრდება მოთხოვნა ფაქტების კონსტატაციის სერვისზე. 2022 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა 1 461 ფაქტის კონსტატაცია.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია აწარმოოს ეფექტური, გამჭვირვალე და ელექტრონულად ხელმისაწვდომი სააღსრულებო პროცესი.