აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ბრიტანეთში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს სააღსრულებო სისტემაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ციფრული სერვისების განვითარებაზე ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ეგიდით ქალაქ გლაზგოში გაიმართა და ის შოტლანდიის აღსრულების სისტემის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციაზე ქართულმა დელეგაციამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ დააყენეს ინიციატივა აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირმა მოიწონა ინიციატივა და დაიწყება სამუშაო შეხვედრები კონფერენციის მოსამზადებელ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია სააღსრულებო წარმოებაში ციფრული მმართველობის დანერგვასა და გაძლიერებას მიეძღვნება.