აღსრულების ეროვნულ ბიუროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს. ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკლულტეტის 40-მდე სტუდენტმა გაიარა.
მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულების წესსა და აღსრულების პროცესში მედიაციის ჩართულობის შესახებ; მხარეთა ინტერესების დაცვისა და ბალანსის შენარჩუნების მიზნით სამსახურის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობის, მათი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ეკატერინე ახალკაცი, თამთა სურგულაძე, ნინო თათარაშვილი, ეთუნა ზამთარაძე და ნინო გოგელაშვილი უძღვებოდნენ.