აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია 2022 წლის სექტემბერში საქართველოში, ბათუმში გაიმართება, ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პრეზიდენტმა ისაუბრეს.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის დეტალები განიხილეს. კონფერენცია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ეგიდით გაიმართება და მასში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 150 დელეგატი მიიღებს. კონფერენციის ძირითადი თემა ,,თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული მმართველობა სააღსრულებო პროცესში" იქნება.
საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ინფორმაცია კავშირის წევრ ქვეყნებს მიმდინარე წლის მაისში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ კონფერენციაზე ეცნობებათ, სადაც მონაწილეობას ქართული დელეგაციაც მიიღებს და საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპიც გაეშვება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ერეკლე ღვინიანიძის და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პრეზიდენტის მარკ შმიტსის სამუშაო შეხვედრა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაიმართა. შეხვედრას ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე მირიან ხარაბაძე, სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი ანა უცუნაშვილი და საერთაშორისო კავშირის ბორდის წევრები: პატრიკ გიელენი, იოს იუთდეჰააგი ესწრებოდნენ.