“საქართველოსა და საზღვარგარეთის სააღსრულებო სისტემა: სააღსრულებო წარმოების პრობლემატური საკითხები.” ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას 15-16 აპრილს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასმა” უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო იყო.
კონფერენცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ-ჯაბა ებანოიძემ გახსნა. შეხვედრას აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – ბერნარ მენიუ, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე _ ბაჩანა შენგელია, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში _ პერ ეკლუნდი, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და სააღსრულებო სისტემასთან დაკავშირებული სხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციაში მონაწილეობა სულ 70 პირმა მიიღო, აქედან 12 უცხოელი სტუმარი იყო შვედეთიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან და ლიტვიდან.
კონფერენცია ევროკომისიის მხარდაჭერით ჩატარდა და მის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი თემები, როგორიცაა სააღსრულებო სისტემის თავისებურებები, კერძო და საჯარო აღმასრულებელი, მოვალეთა რეესტრი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სააღსრულებო სისტემის გამოცდილების გაზიარება, ქართული სააღსრულებო სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ქვეყანაში მისი განხორციელება.