ბათუმის იუსტიციის სახლში ელექტრონული აუქციონის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მოქალაქეებს ინფორმაცია აღნიშნული სერვისის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა მირიან ხარაბაძემ წარმოუდგინა.
ელექტრონული აუქციონის საშუალებით დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია შეარჩიოს სასურველი ლოტი და ივაჭროს ონლაინ რეჟიმში.
იუსტიციის სახლის მიერ გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაცია.
ელექტრონული აუქციონების სისტემაზე იუსტიციის სახლი 2011 წლის თებერვლიდან გადავიდა. აუქციონები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.eauction.ge. აღნიშნულ ვებ-გვერდზე ქონების შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ-რეჟიმში.
დღევანდელი მონაცემებით, ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრირებულია 1000-ზე მეტი პირი, ხოლო იუსტიციის სახლის მიერ გამოცხადებული აუქციონებიდან მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე რეალიზებულია, დაახლოებით, 2500 ლოტი.
ადრე აუქციონში მონაწილეობის მსურველები სასურველი ქონების შესაძენად ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა მისულიყვნენ და ადგილობრივად მიეღოთ მონაწილეობა საჯარო აუქციონში, რომელიც ტარდებოდა აუქციონის ჩასატარებლად განკუთვნილ დარბაზში.
აუქციონების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სასურველი ნივთის მოძიება და შეძენა მნიშვნელოვნად გაუმარტივა, რის გამოც აუქციონში მონაწილეთა რიცხვი გაცილებით გაიზარდა.