აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, 12 მაისს, თავისუფლების მოედანზე პრევენციულ აქცია ,,დაიცავი კანონი" გამართა. აქციის მიზანი გახლდათ მოსახლეობის ინფორმირება შედეგებზე, რომელსაც ადმინისტრაციული ჯარიმების გადაუხდელობა იწვევს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - გიორგი ვაშაძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილემ ერეკლე ღვინიანიძემ, აღმასრულებელბლებმა და ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს და გააცნეს ინფირმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც ისინი ადმინისტრაციული ჯარიმის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდნენ.
ამ დროისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია 28000-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა. განსაკუთრებით ხშირია შემთხვა, როდესაც მოქალაქეებს ავიწყდებათ ჯარიმის გადახდის ვადა და იხდიან დაგვიანებით. ასევე, მოქალაქეების უმრავლესობას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჯარიმის გადახდის ვადებთან დაკავშირებით, 30 კალენდარული დღის ნაცვლად მათ ჰგონიათ, რომ ჯარიმა შეიძლება გადაიხადონ 1 თვის განმავლობაში, ანუ 31-ე დღის ჩათვლით. 31-ე დღეს გადახდილი ჯარიმაც ითვლება დაგვიანებულად და ჯარიმის საქმე, ჩვეულებრივ, აღსასრულებლად შემოდის აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
ჯარიმის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეებს ჯარიმასთან ერთად აღსრულების საფასურისა და ჯარიმის გარკვეულ კატეგორიაში საურავის გადახდა უწევთ. ჯარიმის დროულად გადახდა კი მათ გაუთვალისწინებელ ზედმეტ ხარჯებს თავიდან ააცილებს.