საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, 17 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამსახურები, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიურო, სამოქალაქო, საჯარო რეესტრები, ნოტარიუსთა პალატა, ეროვნული არქივი და სხვ.
მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ ქართველი მომღერლები - ზუმბა, სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ქეთი ორჯონიკიძე... ილუზიონისტები, მოძრაობის თეატრის მსახიობები, სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" კონკურსანტები, ახალგაზრდა მხატვრები და პოეტები, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
აქციაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა აუქციონი, სადაც გაიყიდა ცნობილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის წიგნები მწერლის ავტოგრაფით, ასევე მომღერლების, სხვა ცნობილი ქართველების ნივთები.
ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მრავალფეროვანი სანახაობა და არაერთი მხიარული სიურპრიზი მოუმზადეს. ღონისძიების შედეგად შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს მოხმარდება.