1. რას გულისხმობს გამარტივებული წარმოების სერვისი და რა პროცედურები გამარტივდება მისი დანერგვით?
ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე გამარტივებული წარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული პროცესი, რომელიც სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე მიმართულია კრედიტორების ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ. შესაბამისად, ორი სავალდებულო ეტაპის გავლის ნაცვლად, რომელიც მდგომარეობდა სასამართლო ინსტანციების გავლის შემდეგ აღსრულების ორგანოსადმი მიმართვაში, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთი ორგანოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით მოაგვარონ ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული პრობლემები მათთვის საუკეთესო პირობებით.
2. რა პროცედურას გადის აპლიკანტის განაცხადი ქეის მენეჯერთან მისვლამდე?
აპლიკანტს გამარტივებულ წარმოებაში წარმოადგენს პირი, რომელსაც გააჩნია წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნა თავისი მოვალის, რესპონდენტის, წინააღმდეგ. სააპლიკაციო განცხადება, მას შემდეგ რაც იქნება მიღებული და დარეგისტრირებული ბიუროს კანცელარიის მიერ, შემოწმდება იმის დასადგენად თუ რამდენად შეესაბამება მისი შინაარსი და თანდართული დოკუმენტები დადგენილ მოთხოვნებს. თუკი განცხადება უპასუხებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა აუცილებელ პირობას, საქმე გადაეცემა ქეის მენეჯერს.
3. განცხადების მიღების შემდეგ ქეის მენეჯერი რა ვადაში ამზადებს შეტყობინებას და რა სახით აცნობს მას რესპონდენტს?
გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ეცნობება 5 სამუშაო დღეში აპლიკანტის განცხადების რეგისტრაციიდან. ნიშანდობლივია, რომ ასეთი კატეგორიის საქმეებზე დაუშვებელია საჯარო გამოქვეყნების გზით შეტყობინების ცნობება. შეტყობინება რესპონდენტს ან მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ჩაბარდება პირადად.
4. რა შემთხვევაში გამოიყენება ყადაღა?
ყადაღა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, გამარტივებულ წარმოებაში გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც აპლიკანტს სურს გადახდის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულება და შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური და ყადაღის დადების საფასური. Aამის შესახებ აპლიკანტმა უნდა მიუთითოს განცხადებაში. ამასთან ერთად, ყადაღა გამარტივებულ წარმოებაში, შესაძლებელია გავრცელდეს რესპონდენტის მხოლოდ რეგისტრირებულ ქონებაზე. Aაპლიკანტი ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდეს ყადაღის მნიშვნელობას და რესპონდენტისათვის მის შესაძლო უარყოფით შედეგს, რადგან იგი პასუხს აგებს ყადაღის გამოყენებით რესპონდენტისათვის მიყენებული ზიანისათვის, თუ ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა.
5. შეტყობინების მიღების შემდეგ რა უნდა მოიმოქმედოს რესპონდენტმა?
შეტყობინების გადაცემისას რესპონდენტს განემარტება მოთხოვნაზე რეაგირების შესაძლო გზების და მათი სამართლებრივი შედეგების შესახებ. Mმას აქვს 10 კალენდარული დღე იმისათვის, რომ სრულად შეასრულოს მოთხოვნა ან განახორციელოს მისთვის ყველაზე მეტად მისაღები კანონით დადგენილი მოქმედებები, მათ შორის წარადგინოს შეთავაზება მორიგებაზე. მორიგების მიღწევის ხელშეწყობის მიზნით ქეის მენეჯერი აქტიურად ითანამშრომლებს მხარეებთან, იმისათვის რომ პროცესი დასრულდეს სასურველი შედეგით, როგორც აპლიკანტისათვის ასევე რესპონდენტისათვის.
6. პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში, როგორ ვითარდება საქმის წარმოება?
რესპონდენტის მიერ წერილობითი პროტესტის წარდგენა ნიშნავს გამარტივებული წარმოების დასრულებას, თუმცა რესპონდენტის ქონებაზე დადებული ყადაღა შენარჩუნდება კიდევ 1 თვის განმავლობაში, რათა აპლიკანტმა შეძლოს დაიწყოს სასარჩელო წესით დავა სასამართლოში.
7. რა შემთხვევაში ითვლება ვალი აღიარებულად, ან რა შეთხვევაში ხდება მორიგება მხარეებს შორის?
ვალი აღიარებულად ჩაითვლება, თუ რესპონდენტი დადგენილ ვადაში არ განახორციელებს არცერთ კანონით დაშვებულ მოქმედებას ან წარადგენს მოთხოვნის ან მისი ნაწილის წერილობით აღიარებას. მხარეებს შორის მორიგება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტის მიერ შეთავაზებულ მორიგების პირობებს დაეთანხმება აპლიკანტი. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მოლაპარაკების პროცესში მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას თავდაპირველისაგან განსხვავებულ პირობებზე.
8. რა თანხებთან არის დაკავშირებული საქმის წარმოების დაწყება და პროცედურები?
გამარტივებული წარმოების დაწყებისათვის აპლიკანტი გადაიხდის სააპლიკაციო საფასურს, რომლის ოდენობა არის 100 ლარი თითო სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილ მოთხოვნაზე. იმისდა მიხედვით, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გასახდის ბრძანების აღსრულებას და ქონებაზე ყადაღის დადებას, აპლიკანტი გადაიხდის ყადაღის დადების საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს თითო ნივთთან მიმართებაში. რაც შეეხება თავად გამარტივებული წარმოების საფასურს, რომლის გადახდის ვალდებულება აწევს რესპონდენტს, იგი შეადგენ აპლიკანტის მოთხოვნის 2 % -ს და მას გადაიხდის რესპონდენტი დავალიანების დაფარვის დროს.
9. რომელი სამსახური უზრუნველყოფს გამარტივებულ წარმოებას და რა აუცილებლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არსებობს აღნიშნულ თანამდებობებზე დასანიშნად?
აღნიშნულ წარმოებას წაუძღვება აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული, სპეციალურად ამ ახალი ფუნქციის უზრუნველსაყოფად შექმნილი გამარტივებული წარმოების სამსახური. მთავარი მოთხოვნები სამსახურის თანამშრომლების მიმართ არის მათი პროფესიული უნარები, გამოცდილება, ინტელექტი, პატიოსნება. ქეის მენეჯერები შესაძლოა იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, თუმცა უნდა ერკვეოდნენ სამართლის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ვალდებულებითი, სახელშეკრულებო ურთიერთობები, იძულებითი აღსრულების პრინციპები, გააჩნდეთ კომუნიკაციის უნარი, იყვნენ პოზიტიური და სანდო ადამიანები.
10. რა უპირატესობა აქვს მოთხოვნის დაკმაყოფილების გამარტივებულ წესს?
გამარტივებული წესით ფულად მოთხოვნებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების უპირატესობა მდგომარეობს მხარეების როგორც ფინანსური, ასევე დროის დანახარჯების შემცირებაში. ყველა ის ხარჯი, რომელსაც კრედიტორი გასწევს ჯერ სასამართლოში საქმის განხილვისას, ხოლო შემდეგ იძულებითი წესით გადაწყვეტილების აღსრულებისას, საბოლოო ჯამში დაეკისრება მოვალეს. მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცედურების შემცირება ბუნებრივად გამოიწვევს ხარჯისა და დროის დანაკარგის შემცირებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე მხარეებს, თავიანთი ფინანსური ხასიათის პრობლემების მოგვარების გზაზე, მოუწევთ ურთიერთობა მხოლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, რომელიც თავის მხრივ არ დაიშურებს ძალას და გამოიყენებს ყველა კანონიერ შესაძლებლობას იმისათვის, რომ გამარტივებული წარმოების პროცესი წარმატებით დასრულდეს იქ, სადაც დაიწყო.