მოძრავი ქონების შეფასება ხორციელდება აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის _ დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის მიერ. მიმართვას თან ერთვის მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი. თუ შესაძლებელია ქონების ღირებულების დადგენა, აღმასრულებელს თავადაც შეუძლია ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მიუთითოს ამ ქონების ღირებულება.
გამონაკლისს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლის შეფასების მიზნით აღმასრულებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს ელექტრონული ფორმით მიმართავს, სადაც მიუთითებს ავტომანქანის სერიას, სახელმწიფო ნომერს, სააღსრულებო ბიუროში საქმის წარმოების ნომერს და კონკრეტულ ადგილმდებარეობას, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფება. დასკვნის მომზადების შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა შესაფასებელი ობიექტის ფოტოსურათებთან ერთად ეგზავნება აღმასრულებელს, რომელიც მიღებულ დოკუნენტაციას საქმეს ურთავს.
ასევე გამონაკლის კატეგორიას წარმოადგენს ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები, ფერწერული და მხატვრობის ნამუშევრები, ანტიკვარი. რომელთა შეფასებაც ხდება სააღსრულებო ბიუროსა და კონკრეტულ საექსპერტო დაწესებულებას/ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.