დაყადაღებული ქონების შეფასებიდან არა უმეტეს ერთი თვისა ინიშნება პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი. თუ სააღსრულებო ფურცელში აღსრულების საშუალება და წესი განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის (ქონების რეალიზაციის) სახით, აუქციონის დასანიშნად კრედიტორის განცხადება საჭირო არ არის.
საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის აღსრულების მიზნით, მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ, ყადაღადადებულ ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად მის მიერ დარეგისტრირებული ყადაღის რიგითობისა.
მომხმარებელს ვებ-გვერდზე www.eauction.ge შესაძლებლობა აქვს ინტერნეტ აუქციონის გზით შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული მისთვის საინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.
- საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა.
- ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
- ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს „კალათაში", საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობა. ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).
- კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.
- მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება" ზრდის ლოტის ფასს.
- ინტერნეტ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას".
- ინტერნეტ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება" მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით.
- ინტერნეტ აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.