იძულებითი სააღსრულებო წარმოება მოიცავს მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებას. ყადაღა შეიძლება დაედოს მოვალის როგორც უძრავ-მოძრავ ქონებას, ისე მოთხოვნებსაც. ყადაღის საფუძველზე, მესაკუთრეს ეკრძალება ქონების განკარგვა - ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება ბათილად. ყადაღის დადებისას აღმასრულებელი ადგენს ყადაღის აქტს სადაც უთითებს ქონების დასახელებას და მის ზუსტ აღწერილობას, აგრეთვე ყადაღის აქტის შედგენის დროს და ადგილს. ყადაღის აქტს ხელს აწერს აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე, ქონების შემნახველი და ის პირები, რომლებიც ესწრებიან ყადაღის დადებას.
აღმასრულებელი აყადაღებს ყველა იმ მოძრავ ნივთს, რომელიც იმყოფება მოვალესთან მიუხედავად მესამე პირების პრეტენზიისა და ამასთან დაკავშირებით აკეთებს სპეციალურ ჩანაწერს ყადაღის აქტში. იმავდროულად განუმარტავს პირს უფლებას იმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნულ ნივთებს მოეხსნებათ ყადაღა.
თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ქონება გარდა იმ ქონებისა, რომელიც ჩამოთვლილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში, კერძოდ, ყადაღას არ ექვემდებარება:
ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვი
ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;
გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;
დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;
ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.
ვ) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება;
ზ) იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.
ყადაღადადებული ქონების შეფასების მიზნით აღმასრულებელი მიმართავს ექსპერტს, რომელიც ქონებას აფასებს საბაზრო ღირებულების მიხედვით. ხოლო შემდეგ ხდება ამ ქონების რეალიზაცია იძულებითი აუქციონის წესით. ერთი და იგივე ქონებაზე შეიძლება რამდენიმე ყადაღის დადება სხვადასხვა კრედიტორის სასარგებლოდ, რის შესახებაც აღმასრულებელი უთითებს ყადაღის დადების აქტში.
იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღმასრულებელი ყადაღადადებულ ქონებას კრედიტორის განცხადების საფუძველზე ამორიცხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
თუ მოთხოვნას ყადაღა უნდა დაედოს, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორის განცხადების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებას მასზე ყადაღის დადების შესახებ. განკარგულებაში აღნიშნული უნდა იყოს კრედიტორის პრეტენზიის საფუძველი, მის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები და ის, თუ ვის წინააღმდეგ არის მიმართული მოვალის მოთხოვნა (დავალებული პირი). ყადაღის დადებასთან ერთად გამოცემული უნდა იქნეს განკარგულება კრედიტორისათვის გადახდის თაობაზე.
ყადაღის დადების განკარგულება უნდა გადაეცეს დავალებულ პირს (პირი, რომელსაც იძულების წესით აღეწერება მასთან შენახული მოპასუხის ქონება). განკარგულება უნდა გაეგზავნოს კრედიტორსა და მოვალეს. დავალებული პირისათვის განკარგულების გადაცემით ყადაღა ქმედითი ხდება კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში. მოვალეს აღარ აქვს უფლება, განკარგოს მოთხოვნები, დავალებულ პირს კი აღარ აქვს უფლება, შეასრულოს მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს. მან ყადაღადადებული თანხა უნდა გადაუხადოს კრედიტორს. სხვა მოქმედება, რომელიც შეადგენს ვალდებულების შინაარსს, უნდა შეასრულოს აღმასრულებელმა.
აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო გამოცემული ყადაღის დადების განკარგულება შეიძლება ამავე დროს შეეხოს კრედიტორის მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც მომავალში გახდება აღსასრულებელი.
ყადაღის დადების განკარგულება, რომელიც ეხება პრეტენზიებს ხელფასზე ან მსგავსი რეგულარული შემოსავლისაგან შემდგარ მოვალის პრეტენზიებს დავალებული პირის წინააღმდეგ, ვრცელდება აგრეთვე იმ თანხებზე, რომლებიც გადასახდელია ყადაღის დადების შემდეგ.
აღმასრულებელი მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებას იქ არსებული მოვალის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ყადაღის დადება შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე, იქნება ეს სახელფასო, საპენსიო, საკრედიტო, საანაბრე თუ სხვა ნებისმიერი სახის ანგარიში.