იძულებითი სააღსრულებო წარმოება სხვა სააღსრულებო მოქმედებებთან ერთად მოვალის ქონების მოძიებას გულისხმობს. მოვალის ქონების მოძიების მიზნით, აღმასრულებელი კანონით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებას მიმართავს და მათგან ინფორმაციას იღებს მოვალის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშებისა და მასზე დარიცხული თანხების შესახებ. აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მიმართვით ხდება მოვალის ყველა ანგარიშის დაყადაღება.
აღმასრულებელი უფლებამოსილია, ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინება მოახდინოს საინკასო დავალების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან. როდესაც გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის კანონით დადგენილი ვადა უშედეგოდ გადის, აღმასრულებელი შესაბამის საბანკო დაწესებულებას უგზავნის საინკასო დავალებას (განკარგულებას), აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში მოვალის საბანკო ანგარიშიდან მითითებული თანხის ჩამოჭრისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხვის თაობაზე.
იმ შემთხვევაში, როცა მოვალეები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ან/და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებები არიან, საინკასო დავალება შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკს. ხოლო, თუ მოვალე ფიზიკური პირი, კერძო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის ორგანოა, რომელთაც საკუთარი სადეპოზიტო ანგარიშები გააჩნიათ, საინკასო დავალება შესასრულებლად იგზავნება იმ საბანკო დაწესებულებაში, სადაც გახსნილია მოვალის მოქმედი ანგარიშები. როდესაც საინკასო დავალებით კრედიტორის მოთხოვნის არა სრულად, არამედ ეტაპობრივად დაკმაყოფილება ხდება, საჭიროა კრედიტორის წერლობითი თანხმობა.
საინკასო დავალების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინება შეუძლია მოახდინოს კერძო აღმასრულებელმაც, ამ შემთხვევაში მოვალის საბანკო ანგარიშზე წარდგენილ საინკასო დავალებაში პირდაპირ მიეთითება თანხის (მოთხოვნის) მიმღების (კრედიტორის) ანგარიში, ხოლო აღსრულების საფასურის (საზღაურის) ნაწილში - კერძო აღმასრულებლის, როგორც თანხის ამ ნაწილის მიმღების, ანგარიში.
საინკასო დავალების საფუძველზე, თანხა ირიცხება სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, რომლითაც, პირველ რიგში, ხდება სააღსრულებო მომსახურების საფასურის, შემდეგ კი კრედიტორის მოთხოვნის დაფარვა.
საინკასო დავალების (განკარგულების) შესრულება სავალდებულოა და მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.