აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობის სტრატეგიის ახალ დოკუმენტს ქმნის. ახალი სტრატეგიის შესაბამისად, გაიწერება ყველა ის გამოწვევა, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაში დგას, მათ შორის, პროგრამული და ციფრული განახლება, სერვისების დისტანციური ხელმისაწვდომობა და სააღსრულებო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მირიან ხარაბაძის განცხადებით, ბიურო საქმიანობის კიდევ მეტად თანამედროვე პროცესზე გადავა, სადაც მაქსიმალურად აისახება ციფრული და ტექნოლოგიური მიღწევები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს დეპარტამენტებისა და ტერიტორიული ბიუროების უფროსებს დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძე შეხვდა. მინისტრის მოადგილის დავალებით, ბიურომ სამომავლო საქმიანობის, გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ ახალი დოკუმენტი უნდა შეიმუშაოს.