აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2022 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.
2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 6706 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;
3 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 4134 საქმე;
აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 77 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 906 შემთხვევაში.
სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა.
გამარტივებული საქმისწარმოების მხარეებს უკვე შეუძლიათ საქმეს თვალყური დისტანციურად მიადევნონ. პორტალზე app.gov.ge მხარეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულად ნახონ ქეის-მენეჯერის მიერ განხორციელებული აქტივობები. ასევე, პორტალს უახლოეს პერიოდში დაემატება სერვისზე მოთხოვნის/აპლიკაციის რეგისტრაციის უფლება.
გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.