აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძე ბიუროს თანამშრომლებს დაემშვიდობა. ის მუშაობას იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს. ერეკლე ღვინიანიძემ დღესვე თანამშრომლებს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მირიან ხარაბაძე წარუდგინა.
მირიან ხარაბაძეს ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის იყო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროების უფროსი, 2017 წლიდან კი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და ამავდროულად ბიურო მოემზადება სისტემური რეფორმისთვის, რომელი აღმასრულებელთა პალატის შექმნასა და კერძო სააღსრულებო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
მირიან ხარაბაძის თქმით, გაგრძელდება ის რეფორმები, რომელიც ბიუროში ერეკლე ღვინიანიძის ხელმძღვანელობით უკვე დაწყებულია. მათ შორის, ბიუროს საქმიანობისა და სერვისების სრული გაციფრულება, ახალი სერვისების შექმნა და სააღსრულებო წარმოების მეტი ეფექტურობა.