აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ეგიდით გამართულ კონფერენციაზე საქართველოში მოქმედი ონლაინ აუქციონის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
ერეკლე ღვინიანიძემ ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც აქვს ქართულ სააღსრულებო სისტემას ელექტრონული აუქციონის დანერგვისა და განვითარების კუთხით.
საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროპაში, სადაც უკვე დანერგილია ელექტრონული აუქციონი. სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების ონლაინ ყიდვა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, კონფიდენციალურობისა და პროცესის სრული გამჭვირვალეობის დაცვით. ასეთი ტიპის აუქციონი ბევრად კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის და ქონების სარეალიზაციო ფასსაც ზრდის.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენცია ბელგიაში ელექტრონული აუქციონის დანერგვისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იყო. კავშირის წევრებმა მოისმინეს იმ ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება, სადაც ელექტრონული აუქციონი უკვე წარმატებით მოქმედებს.
საქართველოსთან ერთად, საკუთარი გამოცდილება საერთაშორისო კავშირს ლიეტუვის, იტალიის, პორტუგალიის და პარაგვაის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.