აღსრულების ეროვნული ბიურო ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების მოწყობის სისტემას ცვლის, ამის შესახებ ბიუროს თავმჯდომარემ, ერეკლე ღვინიანიძემ, აღმასრულებლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. უქმდება სპეციალიზებული ჯგუფები, რომლებიც კონკრეტული კატეგორიის საქმეების აღსრულებას აწარმოებდნენ. ახალი მოწყობით, თითოეული აღმასრულებელი ნებისმიერი კატეგორიის საქმეს მიიღებს და აღასრულებს. ბიუროს თავმჯდომარის განცხადებით, ახალი სისტემა თითოეული საქმის წარმოებას მეტად ეფექტურს გახდის.
ტერიტორიულ სააღსრულებო ბიუროებთან თავმჯდომარის ონლაინ შეხვედრაზე სერვისების განვითარების მხრივ ბიუროში დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს:
დაწყებულია მუშაობა სააღსრულებო წარმოების სრულ გაციფრულებაზე. ელექტრონული პროგრამა თავად შეძლებს მთელი რიგი სააღსრულებო მოქმედებების შესრულებას, რაც აღმასრულებლის დროისა და რესურსის დაახლოებით 35 პროცენტს დაზოგავს.
მიმდინარეობს გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რომლითაც მოქალაქეები სერვისზე მოთხოვნას (აპლიკაციას) სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად დაარეგისტრირებენ. ამავდროულად, პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი საქმის მიმდინარეობას თვალყური ელექტრონულად მიადევნოს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუროს თანამშრომელთა და აღმასრულებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პროფესიული გადამზადების ტრენინგებიც ჩატარდება.