სასტუმრო “რედისონში”, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ახალი პროგრამის-მოვალეთა რეესტრის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია და ბიუროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
“მოვალეთა რეესტრი” იმ მონაცემთა ერთობლიობაა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ის კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, ასევე იმ სუბიექტებისა, რომელთა ქონებაც დატვირთულია იპოთეკით ან გირავნობით), რომელთა მიმართ იძულებითი აღსრულება ამა წლის 1 იანვრიდან დაიწყო. მოვალეთა რეესტრში მოხვედრის შემდეგ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება.
2010 წლის 1 იანვრიდან მოვალეთა რეესტრში ჩაბმულები არიან საქართველოს შ.ს.ს-ს მომსახურების და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოები, ხოლო მიმდინარე წლის 1 მარტიდან ახალ სისტემაში საბანკო სექტორიც ჩაერთვება, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირების სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაციის მიღების უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. კონკრეტული ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირს, სააღსრულებო ბიუროს თანხმობის საფუძველზე, გარკვეული საფასურის (10 ლარი) გადახდის შემდეგ შეეძლება.
ელექტრონული წარმოება რეესტრში არსებულ ინფორმაციას გაცილებით უფრო დაცულს გახდის და, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების საქმიანობასაც გაამარტივებს.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეთა რეესტრის საქმიანობის ელექტრონულად წარმოებაზე 2010 წლის პირველი იანვრიდან გადავიდა.