საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიურო ოფიციალურად გახდა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ასოცირებული წევრი. 10-12 სექტემბერს, საფრანგეთში, ქ. მარსელში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის კონგრესში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში 14-16 სექტემბერს პარიზში, ასევე საქმიანი შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის აღსრულების ეროვნულ პალატაში. ქართულ დელეგაციას საფრანგეთის აღსრულების ეროვნული პალატის თავმჯდომარემ, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარემ და აღსრულების ეროვნული პალატის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს მხრიდან კონგრესში მონაწილეობას მიიღეს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის სამმართველოს უფროსმა - დავით მარღანიამ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ - გიორგი ობგაიძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილემ - ლაშა მაღრაძემ, თბილისის საააღსრულებო ბიუროს უფროსმა - ნიკა მელიამ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა - შორენა გიგაურმა.
“-აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პირველად მიიღო მონაწილეობა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებაში. ამ ვიზიტით მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო კონტაქტები და შესაძლებელი გახდა მსოფლიო გამოცდილების გაზიარება, რაც საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს ქართული საააღსრულებო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობასთან მოყვანაში,” - განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ გიორგი ობგაიძემ.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირი საფრანგეთის სასამართლო აღმასრულებელთა ეროვნულ კონგრესზე - 1949 წელს შეიქმნა. პირველი კონგრესი 1952 წელს პარიზში ჩატარდა. აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირი 69 წევრ ქვეყანას აერთიანებს.