24 მაისს, საქართვველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე მდებარე ახალი სათაო ოფისის პრეზენტაცია გამართა. ახალ ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა გახსნა. პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, მინისტრის მოადგილეები თინა ბურჯალიანი და ჯაბა ებანოიძე და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიებას აგრეთვე დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სათაო ოფისი ამ დრომდე ავლაბარში, ქეთევან წამებულის #1-ში იყო განთავსებული. ახალი საოფისე შენობა კი დიღმის მასივში, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილმეტრზე მდებარეობს. იგი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები განთავსდნენ. მათ ახალ შენობასთან ერთად ახალი საოფისე ინვენტარიც გადაეცათ, რაც სააღსრულებო ბიუროს მომსახურებას გაცილებით ეფექტურსა და ხარისხიანს გახდის.
აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონალურ ოფისს ფლობს, რომელთა ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ახალი საოფისე შენობები ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიაში, გორში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში უკვე გაიხსნა. სააღსრულებო ბიურო ტერიტორიული ოფისების ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.