9 აგვისტოს, ხუთშაბათს ქ.ახალციხეში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის „გამარტივებული წარმოების" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი კომპანიების, საწარმოებისა და ფინანსური ორგანიზაციების მმართველი პირები იყვნენ მოწვეულნი. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებული პირების კითხვებს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ლეილა მიქელაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა გურანდა გოგლიძემ უპასუხეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების მომსახურება 22 მაისიდან მოქმედებს. ახალი სერვისი რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მხარეებს ვადამოსული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ.
წარმოების ეს ფორმა განიხილავს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელზეც არსებობს ვალის დამადასტურებელი ცხადი მტკიცებულება, კერძოდ, ხელშეკრულება, ხელწერილი ან შედარების აქტი და რომელიც არ უკავშირდება რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებას.
აქამდე ამ ტიპის მომსახურებას საქართველოს სასამართლოები ახორციელებდნენ. ამჟამად კი მოცემულ მომსახურებას სახეცვლილი ფორმით აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს.
გამარტივებული წარმოების მომსახურება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული. როგორც კვლევებმა აჩვენეს, სააღსრულებო დაწესებულებები მოცემული ტიპის დავების მენეჯმენტს უკეთესად ახორციელებენ.
ახალი სერვისის დანერგვისას აღსრულების ეროვნული ბიურო შვედური და ფრანგული გამოცდილებებისა და საქართველოში არსებული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა.