აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონების ჩატარების ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. დღეიდან აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველებს სასურველი ნივთის შეძენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტრონულად, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეეძლებათ. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ელექტრონულ ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაცია. ვებ-გვერდზე რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. რეგისტრაცია უფასოა. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს უფასოდ მიიღოს სადებეტო ბარათი, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებს ყველაზე მარტივი ანგარიშსწორებით. ბარათის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.eauction .ge განაცხადის შევსების გზით.
რაც შეეხება ვაჭრობის პირობებს, ვაჭრობის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს ‘'ონლაინ'' რეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საწყისი ფასის 1%-ს. გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს გაეგზავნება შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე და მობილური ტელეფონის ნომერზე.
ქონების შემძენმა ქონების ღირებულება აუქციონში გამარჯვების დღიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიხადოს. მას ქონებაზე საკუთრების უფლება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ მიეცემა. ანგარიშსწორება შესაძლებელია, როგორც ბანკში, ასევე ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათის მეშვეობით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განთავსებული ლოტები ჩვეულებისამებრ წარმოდგენილია საბაზრო ღირებულების 50, ხოლო განმეორებითი აუქციონის შემთხვევაში 25 პროცენტად - მეოთხედ ფასად.
ამ დრომდე აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონებს ტერიტორიულ ბიუროებში, სარეალიზაციო ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით ატარებდა, ხოლო მყიდველი იძულებული იყო, ნივთის შესაძენად აუქციონის გამომცხადებელ რეგიონულ ბიუროში მისულიყო და ადგილობრივად მიეღო მონაწილოება აუქციონის პროცესში.
ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა მომხმარებელს გარდა იმისა, რომ აუქციონში მონაწილეობის მიღებას გაუადვილებს, აუქციონის პროცესს გაცილებით გამჭვირვალეს გახდის. აუქციონების პროცესში გაცილებით მეტი მომხმარებელი შეძლებს ჩართვას, რაც კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული აუქციონები განთავსებული იქნება ბიუროს ვებ-გვერდზე www.nbe.gov.ge, ხოლო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ www.eauction.ge-ზე განთავსებულ ლოტებზე.
აუქციონების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ბრძანება იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით: