იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა 16 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქუთაისის მოსახლეობას საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
აქციაში მონაწილეობა სამინისტროში შემავალმა თითქმის ყველა სამსახურმა - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, ეროვნულმა არქივმა, ნოტარიუსთა პალატამ, საკანონმდებლო მაცნემ და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიიღო.
აქციაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძე და ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მათ მოსახლეობას აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა გააცნეს, ბიუროს საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
მოსახლეობასთან შეხვედრები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონიდან დაიწყეს. თელავისა და გურჯაანის შემდეგ, მსგავსი შეხვედრა მარნეულსა და ახალციხეშიც გაიმართა. აქციის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება იუსტიციის სამინისტროს საქმიანობისა და საჭირო სერვისების შესახებ, ასევე მოსახლეობის პრობლემების მოსმენა და, შესაძლებლობის ფარგლებში, მათთვის დახმარების ადგილზე გაწევა. იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებს.