იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხის მოსახლეობასთან გამართეს. აქციის ფარგლებში ახალციხელებს საშუალება მიეცათ, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს პირადად შეხვედროდნენ და საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია, ასევე იურიდიული კონსულტაცია მიეღოთ. სამინისტროს წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ დახმარება ადგილზე გაუწიეს. აქციაში მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროში შემავალმა თითქმის ყველა სამსახურმა - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, ეროვნულმა არქივმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიიღო.
მოსახლეობასთან შეხვედრამდე სამინისტროს წარმომადგენლები ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ, სადაც მათ სისხლის სამართლის რეფორმით დაინტერესებული მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხეს და იუსტიციის სამინიტროს სპეციალურ ტრენინგებში მონაწილე სტუდენტების პრეზენტაციებს დაესწრნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხები: როგორი იყო ვითარება რეფორმამდე, რას ნიშნავს მართლმსაჯულების რეფორმა მოქალაქეებისთვის, რატომ იყო აუცილებელი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და რას ითვალისწინებს ახალი, ლიბერალური კანონმდებლობა.
მოსახლეობასთან შეხვედრები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონიდან დაიწყეს. თელავისა და გურჯაანის შემდეგ, მსგავსი შეხვედრა მარნეულშიც გაიმართა. სისხლის სამართლის რეფორმის შესახებ დისკუსიები სტუდენტების მონაწილეობით და საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.