1. შესაძლებელია თუ არა აღსრულების მიქცევა მოვალის სხვა ქონებაზე, თუ უზრუნველყოფის საშუალება სრულად ვერ ფარავს კრედიტორის მოთხოვნას.
მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა/გირავნობა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით/გირავნოით დატვირთული უძრავი/მოძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. როგორ უნდა მოიქცეს მესამე პირი, რომელსაც გააჩნია უფლება აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე.
თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებაზე. თუ მესამე პირი ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს, აღმასრულებელი კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან. ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ ქონებაზე აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ განკარგულების გამოცემისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.
3. უფლებამოსილია თუ არა აღმასრულებელი აღსრულება მიაქციოს ტექ. აღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებულ ქონებაზე.
აღმასრულებელი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს ტექ. აღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებულ ქონებაზე.
4. შესაძლებელია თუ არა თანხის გადახდის განწილვადება?
თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია 12 თვემდე ვადით მოახდინოს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე - თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეებზე - კრედიტორის თანხმობით. განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში, სააღსრულებო საქმისწარმოება განახლდება.
5. რა ვადაში ხდება მოვალის ინფორმირება აღსრულების დაწყების თაობაზე?
მოვალის ინფორმირება აღსრულების დაწყების თაობაზე ხდება 5 დღის ვადაში.
6. რამდენია მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისათვის დადგენილი ვადა?
მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისათვის დადგენილი ვადა არის 7 დღე, თუ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.
7. რა არის სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლები?
1. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება:
ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას - მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;
ბ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას - მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას - გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, - სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;
ე) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით სარჩელის/განცხადების წარდგენისას - გადაწყვეტილების მიღებამდე;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს:
ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას;
ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით;
გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე;
დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას;
ე) ამ კანონის 183 მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით
ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას - ამ ვადის ამოწურვამდე;
ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.
8. რა არის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები?
აღსრულება შეწყდება, თუ:
ა) კრედიტორმა უარი თქვა გადახდევინებაზე;
ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ;
გ) კრედიტორის ან მოვალის სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე;
დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია;
ე)გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა;
ვ)კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება;
ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე;
თ) ამ კანონის 84-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების მფლობელი, ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგენს ამ კანონით განსაზღვრულ ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ი) მოვალე, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს აღსრულება ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო წარმოების დასრულებამდე წარადგენს ამ კანონით განსაზღვრულ ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
9. ვის აქვს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება?
სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება აქვს: საერთო სასამართლოებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), არბიტრაჟს, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიას და მის კომიტეტს, ნოტარიუსს, დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს.
10. რა სააღსრულებო მოქმედებებს ახორციელებს აღმასრულებელი მოვალის ქონების მოძიებისას?
აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა, ასევე სახელმწიფო ორგანოებს და საბანკო დაწესებულებებს მოთხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, საბანკო ანგარიშების და მათზე დარიცხული თანხის შესახებ, სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა მეტია კრედიტორის მოთხოვნაზე, როგორია აღნიშნული თანხის განაწილების წესი?
როდესაც აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა მეტია კრედიტორის მოთხოვნაზე და იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოებაშია მიღებული სხვა სააღსრულებო ფურცელი, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღმასრულებელი ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ, სხვა შემთხვევაში, დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს.
12. ვალდებულია თუ არა მოვალე, აღმასრულებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ? რა ხდება არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენისას?
მოვალე ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში წარუდგინოს ქონებრივი ნუსხა. თუ იგი ამ ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 3771. აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა.
13. სააღსრულებო ფურცლის შემოტანიდან, რამდენ ხანში უნდა აღსრულდეს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა?
აღსრულების კონკრეტული ვადა კანონით განსაზღვრული არ არის.
14. რომელი ქონებიდან არ შეიძლება გადახდევინება?
გადახდევინებას არ ექვემდებარება:
ა) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;
ბ) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;
გ) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით - ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;
დ) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;
ე) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო;
ვ) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება.
ზ) იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.
15. აქვს თუ არა მოვალეს უფლება განცხადებით მოითხოვოს სააღსრულებო მოქმედების გადადება?
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებისას, აგრეთვე ამავე კანონის 83-ე, 84-ე, 88-ე და 901 მუხლებით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისას, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო ამ მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით.
თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ფაქტობრივი ვითარება არ შეიცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 3 თვის ვადით.
16. რა ვადაში არის შესაძლებელი აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება?
აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი ქმედები განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.
17. შეეხო თუ არა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტს (უბილეთოდ მგზავრობა) ამინისტია და რა პერიოდზე ვრცელდება?
2010 წლის 26 ოქტომბერს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ, კანონის თანახმად ამინისტია შეეხო იმ პირებს, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობისთვის 2010 წლის 1 აგვისტომდე დაჯარიმდნენ და რომელთა მიმართაჩ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამინისტია გულისხმობს როგორც სახდელის, ისე მასზე დაკისრებული საურავის აღუსრულებელი ნაწილის გადახდისგან გათავისუფლებას.
18. რის მიხედვით განისაზღვრება სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის განსჯადობა?
სააღსრულებო ფურცელი შეიტანება სააღსრულებო ბიუროში მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართვისას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კრედიტორია ფიზიკური პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად.
19. შესაძლებელია თუ არა აღმასრულებლისთვის აცილების გამოცხადება და როგორ?
აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი განმცხადებლის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, ხოლო სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართვლოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღშრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ სააღსრულებო წარმოების მხარეებს. სააღსრულებო ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება აცილების ან თვითაცილების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.
20. რამდენიმე ერთი რიგის იპოთეკარს სასარგებლოდ აღსრულების მიმდინარეობისას, როგორ ხდება მათ შორის აუქციონზე ამოღებული თანხის განაწილება?
თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორის მოთხოვნის პროპორციულად.