1. რა არის მოვალეთა რეესტრი?
მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება - სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.
2. შესაძლებელია თუ არა მოვალეთა რეესტრში იმ მოვალის რეგისტრაცია, რომლის მიმართ აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე?
იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით.
3. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია ათავისუფლებს თუ არა მოვალეს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან?
რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან.
4. რა შემთხვევაში ხდება მოვალეთა რეესტრიდან პიროვნების ამორიცხვა?
პირის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია:
ა) ფულადი გადახდევინების სრულად აღსრულება;
ბ) დაკისრებული ჯარიმის სხვა სახდელით შეცვლა;
გ) აღსრულების შეწყვეტის ან სააღსრულებო საბუთის კრედიტორისთვის დაბრუნების შემთხვევები;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილება.
5. შესაძლებელია თუ არა მოვალეთა რეესტრშირ ეგისტრირებულ პირს მიეცეს მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვის უფლება?
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე - აგრეთვე კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, მოახდინოს რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა.
6. საჯაროა თუ არა მოვალეთა რეესტრში დაფიქსირებული ინფორმაცია და როგორ და რა ვადაში ხდება მისი გაცემა?
რეესტრის მონაცემები საჯაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დადგენილი საფასურის (10 ლარის) წინასწარ გადახდისა და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
7. რას გულისხმობს მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია?
მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია გულისხმობს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლების შეზღუდვას.
8. როდიდან ამოქმედდა მოვალეთა რეესტრი?
მოვალეთა რეესტრი ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან.