სააღსრულებო ფურცლის რეგისტრაციის შემდეგ საქმე დაეწერება კონკრეტულ აღმასრულებელს, რომელიც კანონის თანახმად 5 დღის ვადაში უგზავნის მოვალეს წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით, 7დღის ვადაში შესრულების შესახებ. ნებაყოფლობით შესრულებისთვის განსაზღვრული 7 დღიანი ვადა აითვლება წინადადების ადრესატისთვის ჩაბარების დღიდან.
არსებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში მოვალის (გადასახადის გადამხდელის) მიმართ განხორციელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.
აღმასრულებელი გადის კონკრეტულ მისამართზე, ახდენს მოვალის ქონების აღწერა_დაყადაღებას და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს უგზავნის მიმართვას (რომელსაც თან ერთვის ქონების აღწერა_დაყადაღების აქტი) აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის თაობაზე.
დაყადაღებიდან ერთი თვის ვადაში ხდება ქონების შეფასება და შეფასებიდან არა უმეტეს ერთი თვისა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონის დანიშვნა.
მოვალის (გადასახადის გადამხდელის) მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიების გამოყენების სახით მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია არ ხორციელდება, ვინაიდან საგადასახადო ორგანო წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს, კანონის თანახმად კი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია არ ხდება.