ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია;
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება.
2. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული ფორმის საბანკო გარანტია.
3. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს „ონლაინ'' რეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს. "ნულოვან" აუქციონზე ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ს.
4. თუ აუქციონის შედეგი გაუქმდება ზედიზედ ორჯერ, ხელახალ აუქციონზე საგარანტიო თანხის ოდენობა იქნება ქონების საბაზრო ღირებულების 50%.
5. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. აუქციონში გამარჯვებულმა შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
7. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების შესყიდვის ფასზე მაღალია ან მისი ტოლია, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შეტანილ საგარანტიო თანხას წარმართავს ქონების შესყიდვის ფასის სრულად დასაფარავად, ხოლო ნამეტ თანხას, არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს აუქციონში გამარჯვებულ პირს.
8. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია.